2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583 104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, 2019 წლის 8 თვეში, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3 640 823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა. აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

"ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749 000 ათასის ნაცვლად, რაც 14 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583,104 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც, თავის მხრივ, 11 პროცენტ კლებას წარმოადგენს", — ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საზოგადოების პროტესტის გამო რუსულ დელეგაციას დროზე ადრე დაატოვებინეს ქვეყანა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ საქართველო "ეკონომიკურად დაესაჯა" და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აკრძალა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში გასულ წელთან შედარებით 14,8 პროცენტით ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა.