ახალგორელი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს. მეარაყიშვილის თქმით, პროტესტის უკიდურესი ფორმა იმისთვის აირჩია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები შეხვდნენ.

"ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ. ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც", — წერს აქტივისტი ფეისბუქგვერდზე.

On.ge-სთან საუბარში მეარაყიშვილი ამბობს, რომ მისი საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არც ერთხელ არ დამდგარა. მისი თქმით, ქართული მხრიდან სხვა სახის ჩართულობაც არ არის და ის პრობლემებთან საბრძოლველად მარტო დარჩა.

დე ფაქტო პროკურატურამ სასამართლოს მეარაყიშვილის წინააღმდეგ 3 საქმით მიმართა. აქედან ერთ-ერთით აქტივისტს ბრალს დებენ დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის, ეძინაია ოსეტიას ცილისწამებაზე. ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე. სასამართლოს ქვედა ინსტანციამ მეარაყიშვილი უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა. თუმცა, დე ფაქტო პროკურატურამ გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა.

მეარაყიშვილმა უარი თქვა ადვოკატზე და თავს თვითონ იცავს.

თამარა მეარაყიშვილის საქმე

მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის ედინაია ოსეტიას მიმართ ცილისწამების ბრალდებით. მას შემდეგ ოთხი სასამართლო პროცესი ჩატარდა ცხინვალში, ბრალდებულის სახლი არაერთგზის გაიჩხრიკა, არაერთი დაკითხვა ჩატარდა, თუმცა გამოძიებამ მაინც ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულების მოპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ მეარაყიშვილი დამნაშავეა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე მარტში აღძრა. საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტების, ჯილდოების, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის გაყალბებას ითვალისწინებს. პროკურატურა მას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტის დამზადებას ედავებოდა.

თამარას ყველანაირი დოკუმენტი ქონდა ჩამორთმეული და გადაადგილების უფლება შეზღუდული. მთელ დროს ის ახალგორში, საკუთარ სახლში ატარებდა და გარეთ გასვლას მხოლოდ სასამართლო პროცესზე ან დაკითხვაზე წასვლის შემთხვევაში ახერხებდა, ისიც ადვოკატის თანხლებით.