ფილმ Fast and Furious 9-ის ეპიზოდის გადაღებების გამო თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის #19 ბ კორპუსამდე, ასევე, დათუაშვილის ქუჩაზე და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).

"შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ.

შესაბამისად, 13 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონიდან, ასევე, სოფელ თხინვალადან და სოფელ ლისიდან, როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები #63, #99 და #107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი #88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური დელისი განისაზღვრება", — აღნიშნავენ მერიაში.