"ჩემი ხედვით, ამ თემაზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს", — ასე შეაფასა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში დაწყებული დისკუსია ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე. შეთავაზება, რომელიც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში გააჟღერა, გაწევრიანების "გერმანულ მოდელს" გულისხმობს, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.

"ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ნატოში ამის განხილვის სურვილს და არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში არ მგონია, რომ ეს იდეა დროულია. საქართველოს საელჩო ნატოში აქტიურად მუშაობს თემაზე: "მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში", აშკარა და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. საქართვცელოს მალე ეწვევა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, უფრო ღრმა თანამშრომლობის განსახილველად, მათ შორის დაეხმაროს საქართველოს ნატოს წევრობისთვის რეფორმების მოსამზადებლად", — წერს ჯეიმს აპატურაი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე ისაუბრა. რასმუსენი განმარტავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომდევნო ნაბიჯი საქართველოს არჩევანზეა დამოკიდებული. მისი შეთავაზება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების "გერმანულ მოდელს" გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.

ამავე იდეის ირგვლივ ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა. ლუკ კოფი განმარტავს, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ.