რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტკრიპტუმის წამყვანი, გიორგი გაბუნია ახლა უკვე მთავარ არხზე გადაცემა პოსტფაქტუმს წაიყვანს. ამის შესახებ მან დღეს, 11 სექტემბერს ამავე არხზე ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში ისაუბრა.

გაბუნია ასევე წაიყვანს მეორე გადაცემასაც, რომელსაც 4-5 წამყვანი ეყოლება. მისი თქმით, ამ გადაცემის წამყვანები იქნებიან სხვადასხვა შეხედულებისა და გემოვნების ადამიანები, თავად კი მოდერატორის ფუნქციას შეასრულებს. გადაცემა, სადაც მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავენ, ხუთშაბათობით გავა ეათერში.

"ესენი იქნებიან ძალიან სკანდალური წამყვანები, სკანდალური ინფორმაციის მატარებლები. ადამიანები, რომლებსაც არაერთხელ მოუწოლიათ ეთერში ისეთი მოვლენები, რომლებსაც რეალური ცვლილებები მოახდინეს", — ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გიორგი გაბუნიას თქმით, ის იქნება ასევე პროექტ მხოლოდ ქართულის ჟიურის შემადგენლობაში.

ნიკა გვარამიას დაფუძნებული მთავარი არხი ეთერში 9 სექტემბერს გავიდა. არხმა მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო და პოლიტიკური ტოქ-შოუთი გაგრძელდა.

რამდენიმე თვის წინ გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინს აგინა. ამ საკითხმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მთავრობის პირველი პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებას, ჰომოფობიური ჯგუფები კი არხს ჟურნალისტის და დირექტორის გათავისუფლებას და გამოძიების დაწყებას სთხოვდნენ.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. მოგვიანებით გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ვლადიმერ პუტინის გინების შემდეგ ხალვაშს არ სურდა, რომ ის ეთერში გასულიყო. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის სახეების გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

გაიგეთ მეტი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზებზე: