პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია პარლამენტში წარსადგენად მოამზადებს ე.წ. კრამერის სიას, რომელშიც მეთიუ ბრაიზაც შევა. ბრაიზა ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია. ინაშვილი ანტიდასავლური ინიციატივის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

"ამ სიაში უნდა შევიდეს მეთიუ ბრაიზაც და ყველა ის "პარტნიორი", რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მწამებელ-ბოკერია- სააკაშვილებს უჭერს მხარს და ცინიკურად გვაიძულებს მათ შეყვარებას! ამ ხალხს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა! აი, ამას გააკეთებს პატრიოტთა ალიანსი".

გუშინ, 10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის დაუპატიჟებლად მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. კონფერენციის დატოვება სთხოვა მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმაც. ინაშვილმა თქვა, რომ წინა დღეს ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა.

ირმა ინაშვილის პარტია ანტიდასავლური, პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკით გამოირჩევა. ისინი სამხედრო მიუმხრობლობას ითხოვენ. გარდა ამისა, პარტიის წევრები ვიზიტებს მართავენ მოსკოვში და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ღია დიალოგისკენ მოუწოდებენ.