ერთ ნაცნობ სიტუაციაზე უნდა მოგიყვეთ: ბრაუზერში უამრავი ტაბი გაქვთ გახსნილი, მათგან რამდენიმე უწყვეტად ციმციმებს. ტაბებს შორის მოძრაობა დისკომფორტს ქმნის, მთელ ფანჯარასაც ვერ დახურავთ, რადგან ზოგიერთი ტაბი ნამდვილად გჭირდებათ და ერთადერთი გამოსავალი, რომელიც გაფიქრდებათ, ლეპტოპის ფანჯრიდან მოსროლაა.

აი, ასეთია სამუშაო პროცესი, როცა Stack-ს არ ხმარობთ.

რა არის სთექი?

1. სთექი პირველი ქართული ვებ-ბრაუზერია

სთექი ალტერნატიული ბრაუზერია, რომელიც ყველა ვებ-აპლიკაციას ერთ ეკრანზე ათავსებს და ინტერნეტთან თქვენს ინტერაქციას თავიდან ბოლომდე ცვლის. მისი დახმარებით შეგიძლიათ აპები, რომლებიც გამუდმებით გჭირდებათ, გვერდით პანელზე კატეგორიების ან გამოყენების სიხშირის მიხედვით დაახარისხოთ. სტარტაპი ქართველების შექმნილია და უკვე საკმაოდ წარმატებულია.

კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის 2000-ზე მეტ ადამიანს უადვილებს ცხოვრებას ამერიკაში, იაპონიასა თუ ევროპაში.

2. სთექის დახმარებით შეტყობინებები და მეილები აღარასდროს გამოგრჩებათ

შეიძლება ტრადიციული ბრაუზერი უკვე მობეზრებული გქონდეთ, მაგრამ ახალ ფორმატზე გადასაწყობად მიზეზები მაინც საჭიროა. ერთ-ერთი ასეთი უპირატესობა კი ისაა, რომ ყველა ნოტიფიკაციას ერთ სივრცეში მიიღებთ და ახალი ელექტრონული წერილის სანახავად შესაბამის ტაბზე გადასვლა აღარ მოგიწევს.

თუმცა ამას თავისი მინუსიც აქვს: უფროსს ვეღარ მოატყუებთ, მეილი არ მინახავსო.

3. სთექი ხუთი მეგობრის კოლაბორაციით შეიქმნა

სთექი მეგობრებმა: დაჩი გუბაძემ, ზვიად სიჭინავამ, დავით გავაშელმა, გიორგი ლალიაშვილმა და ირაკლი ფხაკაძემ შექმნეს. გუნდში სტარტაპის წარმატებისთვის ყველა საჭირო რგოლმა მოიყარა თავი: აქ მეწარმეც არის, დეველოპერიც და სტარტაპების სპეციალისტიც.

4. TechCrunch-მა სთექი ყველაზე საინტერესო 40 სტარტაპს შორის დაასახელა

ფოტო: კადრი ვიდეოდან / TechCrunch

მსოფლიოს ტექნოლოგიური სიახლეების ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებაზე, TechCrunch Disrupt Berlin-ზე, სთექი ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს შორის მოხვდა.

ცნობილმა გამოცემამ ქართული ბრაუზერი 1500 აპლიკანტს შორის 40-ში შეარჩია და ინტერვიუ ჩამოართვა.

5. თუმცა ეს წარმატება 1 მილიონი ევროს ინვესტიციასთან რა მოსატანია!

სთექი ავსტრიულ-ამერიკული სტარტაპ აქსელერატორის, 360Lab-ის ხუთეულში 936 სტარტაპიდან მოხვდა. ამ პროგრამაში გამარჯვება 3-ეტაპიან აქსელერაციას და ჯამში 1 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას გულისხმობს, საიდანაც 100 000 ევროს ინვესტირება კომპანიაში უკვე განხორციელდა. დარჩენილი 900 000 ევრო კი, სტარტაპის მიერ აქსელერაციის პროგრამის მეორე ფაზის განმავლობაში შესაბამისი შედეგის მიღწევის შემდეგ გამოიყოფა.

6. ავსტრიისა და ჰოლანდიის შემდეგ კომპანია საქართველოშიც აპირებს ოფისის გახსნას

სთექს ოფისები როტერდამსა და გრაცში აქვს. შემდეგი გაჩერება კი საქართველოა. სხვათა შორის, ბრაუზერს საქართველოში უკვე 300-მდე მომხმარებელი იყენებს.

თუ გინდათ, სთექერებს შეუერთდეთ, გადმოსაწერად ეწვიეთ Getstack.app-ს.

7. თუ ფრონტ-ენდ დეველოპერი ხართ, შეგიძლიათ სთექში ახლავე დასაქმდეთ

ფოტო: Stack

კომპანია ამჟამად უფროს Front-end დეველოპერებს ეძებს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ, ანაზღაურებით 5,200-დან 6,500 ლარამდე. დეტალების ნახვა და აპლიკაციის შევსება კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.

აბა რას იტყვით? მზად ხართ ტაბების ჩასახურად?