იტალიაში მდებარე ფატებენეფრატელის საავადმყოფოს პალატა სავსე იყო პაციენტებით, რომლებსაც K სინდრომზე მკურნალობდნენ. ეს ახალი და უცნობი დაავადება, რომლის სახელიც კოშის სინდრომს (ტუბერკულოზი) წააგავდა, საავადმყოფოს გასაჩხრეკად მისული ნაცისტი ჯარისკაცებისთვის ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი იყო. ჯარისკაცები, რომლებიც ებრაელებს, პარტიზანებს და ანტიფაშისტებს ეძებდნენ, ამ პალატას ინფექციის შიშით არ ეკარებოდნენ და ყურადღება სხვაგან გადაჰქონდათ.

K სინდრომით დაავადებული პაციენტების "მკურნალობა" ამ საავადმყოფოში 1943 წლის ბოლოსკენ დაიწყეს. ამავე წლის 16 ოქტომბერს ნაცისტებმა ებრაული გეტოდან და რომის სხვა ტერიტორიებიდან 1 200 ებრაელი გადაასახლეს. ბანაკებს მხოლოდ 15 მათგანი გადაურჩა. ამის შემდეგ საავადმყოფოში მიღებული პაციენტების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. ეს პაციენტები ლტოლვილები იყვნენ, K სინდრომი კი — გამოგონილი დაავადება.

რომში, მდინარე ტიბრზე მდებარეობს პატარა კუნძული ტიბერინა. მარჯვნივ მოჩანს ფატებენეფრატელის საავადმყოფო. 2018.

ფოტო: Education Images/UIG/Getty Images

ეს დაავადება ჯოვანი ბორომეომ საავადმყოფოს სხვა ექიმებთან ერთად გამოიგონა. მათი მიზანი ებრაელების და ანტიფაშისტების გადარჩენა იყო. 1890 წელს დაბადებული ბორომეო თავადაც ანტიფაშისტი იყო. ფატებენეფრატელიში თავისი პოსტის დაკავებამდე მას მთავარი ექიმის პოსტი სხვა საავადმყოფოებმაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან მათი მოთხოვნა ფაშისტურ პარტიაში გაწევრიანებაც იყო. ფატებენეფრატელის კათოლიკე ბერები მართავდნენ და კათოლიკურ ეკლესიასა და ფაშისტურ რეჟიმს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით კერძო საავადმყოფოდ იყო მიჩნეული, რაც სახელმწიფო რეგულაციებისგან ათავისუფლებდა. ფაშისტურ პარტიაში გაწევრიანება თანამშრომლებსაც არ მოეთხოვებოდათ.

ბორომეომ რეჟიმის მიერ სხვადასხვა მიზეზით დისკრიმინირებული ბევრი ექიმი აიყვანა. მათ შორის, ებრაელი ექიმი ვიტორიო ემანუელე საჩერდოტიც იყო, რომელმაც 16 ოქტომბრის მოვლენებს გადარჩენილი დევნილები შეიფარა. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს ადგილი პოლიტიკური წინააღმდეგობის ცენტრი გახდა.

ბორომეომ და მისმა მოკავშირეებმა, ბერებთან კოლაბორაციით, საავადმყოფოში დაამონტაჟეს რადიოსადგური, რომელსაც პარტიზანებთან კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. როცა ისინი მიხვდნენ, რომ ნაცისტებმა რადიოს ადგილმდებარეობა აღმოაჩინეს, ყველაფერი მდინარე ტიბრში გადაყარეს.

საავადმყოფო კუნძულ ტიბრზე მდებარეობდა და გეტოსთანაც ახლოს იყო, რამაც ნაცისტ ოფიცრებში ეჭვი გააჩინა. ბორომეო და მისი კოლეგები გარდაუვალი ვიზიტისთვის მზად იყვნენ. ჰოსპიტალიზირებული ებრაელები (და სხვა "პოლიტიკური" პაციენტები) ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით K სინდრომით იყვნენ დაავადებული. სახელიც თავის მხრივ სარისკო ხუმრობა იყო: წარმოსახვით დაავადებას "K" ალბერტ კესელრინგის და ჰერბერტ კაპლერის გამო დაარქვეს. კესელრინგი ნაცისტი მეთაური იყო, რომელმაც კაპლერს, რომის პოლიციის უფროსს, დაავალა ადრეატინის მღვიმეებში ხოცვა-ჟლეტის მოწყობა, რომელსაც 335 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით ორივე მათგანი ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამო გაასამართლეს.

"K სინდრომი" მალევე გახდა კოდური სიტყვა, რომელიც საავადმყოფოში გადამალულ ხალხს აღნიშნავდა. ადრიანო ოსიჩინი (რომელიც მოგვიანებით იტალიის ჯანდაცვის მინისტრი გახდა 1990-იანებში) იყო ერთ-ერთი, ვინც ბორომეოს წერდა და K პაციენტებისთვის გარკვეული რაოდენობის საწოლების შენახვას სთხოვდა, რომლებიც საავადმყოფოში მომდევნო დღეებში უნდა მისულიყვნენ.

საავადმყოფო ლტოლვილებს მოკავშირეების მიერ რომის გათავისუფლების დღემდე იღებდა.

როგორც პიერო ბორომეო, ჯოვანის ვაჟი, ამბობს, ოქტომბრის ბოლოსკენ ნაცისტებმა გაჩხრიკეს ფატებენეფრატელი. ბორომეომ მათ საავადმყოფო დაათვალიერებინა და დეტალურად აუხსნა, თუ რა ეფექტი ჰქონდა K სინდრომს დაავადებულებზე. ამის შემდეგ მან ისინი პალატის სანახავად მიიპატიჟა. ნაცისტებმა, რომლებსაც, პიერო ბორემეოს თქმით, ექიმებიც ახლდნენ თან, მიწვევაზე უარი განაცხადეს და ტერიტორია ზედმეტი კითხვების გარეშე დატოვეს.

განსხვავებული ვერსიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეძებდნენ ნაცისტები ებრაელებს საავადმყოფოში და როგორ აუბნია მათ გზა ბორომეომ. თუმცა, თითოეული მათგანი ადასტურებს K სინდრომის გამოგონებას. პიერო ბორომეოს ვერსიით, მთელი ეს სარისკო წამოწყება დაგეგმილი და სისტემატიზებული კამპანია იყო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ექიმები ოსიჩინი და საჩერდოტი კი ამბობენ, რომ ყველაფერი ძირითადად იმპროვიზებული და სპონტანური იყო.

მიუხედავად იმისა, თუ რეალურად როგორ მოხდა ყველაფერი, ვიცით, რომ K სინდრომმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. ბორომეოს სიმამაცე აღიარებულია როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისოდ. ის 1961 წელს გარდაიცვალა. 2004 წელს იად ვაშემში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოფიციალურ მემორიალში, მას პატივი მიაგეს ებრაელთა გადარჩენისთვის.

სხვა იმ ადამიანების მსგავსად, რომლებიც ებრაელებს მალავდნენ თავიანთ სახლებში თუ საჯარო სივრცეებში ან ტყუილებს ამბობდნენ მათ გადასარჩენად, ფატებენეფრატელის ექიმები და ბერები თავიანთ სიცოცხლესა და თავისუფლებას რისკავდნენ. ნაცისტ მეთაურებს კი არასდროს გაუგიათ, რომ K სინდრომი გამოგონილი დაავადება იყო.

ესაა ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენეს დეზინფორმაცია, შიში და უცოდინრობა კარგი საქმისთვის.