ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება. ამის შესახებ მან On.ge-ს უთხრა. შუბლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ იცის, რა თანამდებობას დაიკავებს. მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩამოაყალიბებს საინფორმაციო გუნდს.

20 აგვისტოს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ ამ პოსტზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილებოდა.

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში რუსთავი 2-ში მუშაობდა, იყო არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი. მან არხი 2014 წელს დატოვა. თანამდებობის დატოვებას წინ უსწრებდა მისსა და რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახებში აღმოჩენილი ჩანაწერების გასაჯაროება.

"ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი", — წერდა თანამდებობის დატოვების შემდეგ შუბლაძე სოციალურ ქსელში.

რუსთავი 2-ის დატოვების შემდეგ ნინო შუბლაძე სამთავრობო პიარში გადავიდა, ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. წლების შემდეგ TV პირველში დაიწყო მუშაობა, თუმცა, ტელევიზია გადაცემის დაწყებამდე დატოვა. ამის შემდეგ შუბლაძე ქართული ოცნების საკომუნიკაციო ცენტრში მუშაობდა.