ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს დადგმის პასუხად საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ორ საგუშაგოს აშენებს, ამჯერად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო მშენებლობას ადასტურებენ, თუმცა არ პასუხობენ კითხვას, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები საგუშაგოს სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის ტყეებში აშენებენ. თუმცა, როგორც ხაშურის მერიის წარმომადგენელი, ვაჟა ლომიძე ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, ეს ტერიტორია ჩორჩანას არ ეკუთვნის და წაღვლის ტყეა.

სუს-ში აცხადებენ, რომ ეს არის უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედება, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. მათი განცახდებით, უკანონო მშენებლობის გამო ამოქმედებულია ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები, ასევე, ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ომი უნდოდა, მაგრამ ამას არ დაუშვებდნენ და "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ.

ამის შემდეგ მათ ქართული საგუშაგოს თავზე საოკუპაციო ბანერი დადგეს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს. დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, ეს იყო "ჰუმანიტარული ოპერაცია" ქართული მხარის "აგრესიული" ქმედებების პასუხად.

როგორც ე.წ. უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, დროშა სპეციალურად აღიმართა ზღვის დონიდან 944,8 მეტრზე, ქართულ საგუშაგოზე მაღლა, რადგან ასე "დომინანტად იქცა საზღვრის იმ მონაკვეთში". მათი თქმით, სასაზღვრო პუნქტი "სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე" ხელს უშლის ქართულ მხარეს "დაამყაროს კონტროლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, წნელისის რაიონში".