ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც BBC America-ს სამეცნიერო ფანტასტიკა იდუმალი ობოლი მეხუთე სეზონით დასრულდა და მაყურებელი საყვარელ "სისტრებს", იგივე კლონებს, სარას, ელისონს, კოზიმას, ელენას და სხვებს დაემშვიდობა.

ფოტო: Serial Box

თუმცა, ახლა მსახიობი ტატიანა მასლანი, რომელმაც ერთ სერიალში რამდენიმე პერსონაჟი შექმნა და 2016 წელს საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ემიც მიიღო, აპირებს, რომ სერიალის გაგრძელება ფანებს აუდიოწიგნით მოუყვეს.

Orphan Black: The Next Chapter — აუდიოწიგნების სერია იქნება და მასში მოქმედება ფინალიდან 8 წლის შემდეგ განვითარდება, სიუჟეტში კიდევ ერთი კლონი, ვივი ვალდეზი გამოჩნდება, გადარჩენილებს კი, საერთაშორისო საფრთხის გამო, დამალვა და პირადი ცხოვრების დაცვა მოუწევთ.

"სერიალის დასასრულის შემდეგ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა და ეს ერთ-ერთი სახალისო გზაა პერსონაჟების სამყაროს გასაცნობად", — უთხრა მასლანიმ ET-ს ინტერვიუში.

მსახიობის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც აუდიოწიგნის გამოშვება გადაწყდა ფანები არიან, რომლებიც საკუთარ თავს კლონების კლუბს უწოდებენ.

წიგნის პრემიერა ხვალ, 12 სექტემბერს შეგდება. აუდიოწიგნის პირველ სერიაში სულ 10 ეპიზოდი შედის და მისი ყიდვა 10 დოლარადაა შესაძლებელი.