მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. პროექტს კომპანია ინდუსტრიული ქალაქი განახორციელებს, რომელსაც ბიზნესმენი თემურ უგულავა ფლობს.

შპს ინდუსტრიული ქალაქის 100%-იან წილს შპს სითი ლოფტი ფლობს. თავად სითი ლოფტის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი აჭარა ჯგუფია. სწორედ ამ კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი თემურ უგულავა.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება.

"აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - ინდუსტრიული ქალაქი, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია კოლიერსის მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ.", — განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

ინდუსტრიული ჯგუფი დედაქალაქში ისეთ ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო რუმსი, სტამბა, ფაბრიკა და ა.შ.