პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს. კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

საყოველთაო-სახალხო განხილვები 13 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება. სულ, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

გაიგე მეტი: