საქართველოს ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს, რომ Deutsche Welle-ს სტატიაში, სადაც ახალი პრემიერი, გიორგი გახარია "მოსკოვის კაცად" იყო მოხსენიებული ცვლილებების შეტანა სთხოვეს. ელჩის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"ვუთხარით, რომ სათაური იწვევდა არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას... თან, მით უმეტეს, სოციალური მედიით ძალიან სწრაფად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია და ეს შეიძლება გამოყენებული იყო არასწორი დატვირთვით", — განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, მედიასაშუალებამ მათი თხოვნა გაითვალისწინა და ცვლილებები ასახა მასალაში:

"მოხდა სათაურის განმარტება, რომ ეს იყო ოპოზიციის პრეტენზია კანდიდატად წარდგენილი გიორგი გახარიას მიმართ. ტექსტში განმარტეს, "ამაზე პრემიერ-მინისტრმა უპასუხა იმით, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია და ხაზი გაუსვა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტს — ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას".

"საქართველოს პარლამენტმა პრემიერად "მოსკოვის კაცს" დაუჭირა მხარი" — ამ სათაურით გერმანული გამოცემა Deutsche Welle-მ სტატია გიორგი გახარიას გაპრემიერების შემდეგ გამოაქვეყნა. ტექსტის დასაწყისშივე ნათქვამი იყო, რომ გიორგი გახარია ყველაზე მეტად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლითაა ცნობილი, როგორც ამ ყველაფრის "მთავარი არქიტექტორი".