რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. როგორც რუსული მედია წერს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ მალევე გამოქვეყნდება.

23 აგვისტოს გრიგორი კარასინი 70 წლის გახდა. კანონის მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნა მას სწორედ ამ ასაკამდე შეეძლო. მან დიპლომატიური კარიერა 1972 წლიდან დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში წლების განმავლობაში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილედ კი ის 2005 წელს დაინიშნა.

2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდეგ ჟენევის დისკუსიებში გრიგორი კარასინი რუსეთის მხარეს წარმოადგენს. ამასთანავე კარასინთან წლების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან რუსეთის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან.

რუსული მედიის კომერსანტის წყაროს ინფორმაციით, კარასინის ადგილზე სამი კანდიდატი განიხილება. მთავარი კანდიდატი სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია. 60 წლის დიპლომატი 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

ვოლინკინი სსრკ-სა და რუსეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლობაში მუშაობდა იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა, მონტენეგროსა, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ის ლავროვის თანაშემწედ მუშაობდა. 2013-დან 2017 წლამდე სომხეთში რუსეთის ელჩი იყო. 2017 წელს კი ღირსების ორდენი მიიღო.