სუპერმარკეტების ქსელის, ფრესკოს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე აცხადებს, რომ მაღაზიაში პოლიციელმა მოქალაქეს სცემა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ამოიღო.

სოფრომაძე განმარტავს, რომ დაზარალებულმა მანამდე მაღაზიიდან პროდუქცია მოიპარა, ადგილზე მისულმა პოლიციამ კი მასზე ისე იძალადა, რომ დაკავების შემდეგ ამ პირს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. სოფრომაძე ამბობს იმასაც, რომ პოლიციამ ვიდეოამასალა ფრესკოს თანამშრომლებზე მორალური ძალადობით ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფრესკოდან ქურდობის მცდელობის შესახებ გამოძახება მიიღეს, ადგილზე მისულ ჯგუფს კი აღნიშნულმა პირმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. მათი თქმით, ინციდენტის შემდეგ დაკავებაში მონაწილე ერთ-ერთმა პოლიციელმა უწყება დატოვა.

რაც შეეხება ვიდეომასალას, უწყების განმარტებით, კადრების ამოღება გამოძიების პროცესში აუცილებლობით იყო გამოწვეული. მომხდარზე გამოძიება შსს-ში ქურდობის მუხლითაა დაწყებული.