თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. ინაშვილმა კი თქვა, რომ გუშინ ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ინაშვილს მოუწოდა, შენობა დაეტოვებინა, რის შემდეგადაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ნატოს პანელის დაწყების წინ შემოვიდნენ დარბაზში ირმა ინაშვილი და, ასევე, ობიექტივის წარმომადგენლები. ობიექტივის ჟურნალისტმა დაიწყო დებოშის მოწყობა, რომლის მიზანიც იყო პანელის ჩაშლა. რის საფუძველზეც ჩვენ გამოვუძახეთ დაცვას, რომ კონფერენციის გაგრძელების შესაძლებლობა გვქონოდა. თუმცა, ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც უკვე მეხუთე წელია აწყობს ამ კონფერენციას, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან და ნატოსთან და ეს იყო მიმართული პროვოკაცია სწორედ ამ ჩვენი განზრახვის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომაც დაემთხვა ეს ნატოს საკითხის განხილვის პანელს", — ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე.