ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს, 10 სექტემბერს თბილისში ვიზიტისას ჰერითიჯის ფონდის მკვლევრის, ლუკ კოფის ინიციატივა შეაფასა, საქართველოს ნატოში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე. რასმუსენი განმარტავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომდევნო ნაბიჯი საქართველოს არჩევანზეა დამოკიდებული. მისი შეთავაზება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების "გერმანულ მოდელს" გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა ნატოში, ხოლო კოლექტიური თავდაცვის მუხლი დეოკუპაციის შემდეგ ამოქმედდება.

"მომდევნო ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე შეიძლება იყოს, რამდენადაა მისაღები საქართველოსთვის, პირველ ეტაპზე შევიდეს ნატოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე, ანუ საქართველო შედის ნატოში და მე-5 მუხლი ფარავს მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას", — ამბობს რასმუსენი და განმარტავს, რომ ეს შესაძლოა, სარისკო გზაა და გარკვეული ჯგუფები ამ იდეის ექსპლუატაციას შეეცდებიან:

"ეს არის მთავარი არგუმენტი ნატოსკენ სავალ გზაზე. გაწევრიანების დისკუსია გაგრძელდება, თუმცა ეს საქართველომ უნდა გადაწყვიტოს".

ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა. ლუკ კოფი განმარტავს, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. მისი ინიციატივაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება.

"მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად", — ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი.

ინიციატივის ავტორის, ლუკ კოფის თქმით, ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ.

"მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა", — ამბობს ლუკ კოფი.

შენიშვნა: ტექსტის თავდაპირველ ვერსიას განსხვავებული სათაური ჰქონდა, რაც მკითხველისთვის არასწორ ინტერპრეტაციას ტოვებდა.