არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ დღეს ბევრი ყოველდღიური ნივთის ტექნოლოგიურად გამართულ, ჭკვიან მოწყობილობად გარდასახვა ხდება. ჭკვიანი ტელევიზორი, საათი, სათვალე და სხვა. ეს ის მოწყობილობებია, რომლებიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ზოგიერთი გამოგონება თუ ჩვენი კომფორტისა და გართობისთვის არის, არსებობს ისეთებიც, რომლებიც შშმ პირების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. მათ შორის, ეს ჭკვიანი ხელჯოხი, რომელიც სპეციალურად უსინათლოებისთვის, უსინათლო ინჟინერმა, კურსატ სეილანმა გამოიგონა.

ჭკვიანი ხელჯოხი, რომელიც გუგლის რუკის დახმარებით უსინათლოებისთვის გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის, კურსატმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა — ის თავადაა უსინათლო და კარგად იცის თუ რა სირთულეებს უკავშირდება ქუჩებში სწორად ორიენტირება და დანიშნულების ადგილამდე უშეცდომოდ მისვლა.

"დღეს ჩვენ უკვე ფრინავ მანქანებზე ვსაუბრობთ , თუმცა, უსინათლო ადამიანები უბრალოდ ხელჯოხით გადაადგილდებიან. როგორც უსინათლოს კი ყოველთვის მიჭირს მეტროში ჩასულმა გავარკვიო, თუ რომელია ჩემი გასასვლელი... არ ვიცი თუ რომელ ავტობუსში უნდა ავიდე... რომელი მაღაზიაა ჩემს წინ. სწორედ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად გამოვიგონე პროდუქტი WeWalk, რომელიც უამრავ ადამიანს გაუმარტივებს ცხოვრებას", — ამბობს თურქი ინჟინერი.

ჭკვიანი ხელჯოხი, რომელშიც გუგლის რუკაა ინტეგრირებული, იკეცება და დატენვის ფუნქციაც აქვს, უკვე გაყიდვაშია და $500, ანუ დაახლოებით 1475 ლარი ღირს.