საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შტატებში მინისტრი ნათია თურნავა დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. მათივე ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების — Delta Air Lines-ისა და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება.

"აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დააანონსა. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მაშინ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია", — აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.