უშაქრო, დიეტური გაზიანი სასმელები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს შორის, ვისაც შაქრისა და კალორიების მიღების შემცირება სურთ.

მსგავსი სასმელები შაქრის ნაცვლად გაჯერებულია ისეთი ხელოვნური დამატკბობლებით, როგორებიცაა ასპარტამი, ნატრიუმის ციკლამატი, საქარინი, აცესულფამ-კალიუმი ან სუკრალოზა. სუპერმარკეტებში ხელმისაწვდომ თითქმის ყველა ცნობილ გაზიან სასმელს თავისი დიეტური სახეობაც აქვს - იქნება ეს Diet Coke, Coke Zero, Pepsi Max, Sprite Zero თუ სხვა.

უშაქრო გაზიანი სასმელები მაღაზიათა დახლებზე პირველად 1950-იანებში გამოჩნდა და დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ მოგვიანებით მარკეტინგული სტრატეგიები შეიცვალა და ამ პროდუქტით იმ მომხმარებლის დაინტერესებაც დაიწყეს, ვისაც წონის კონტროლი ან შაქრის მიღების შემცირება სურდა.

ერთი შეხედვით, უშაქრო და კალორიებისგან დაცლილი პროდუქტი ყველასთვის სასურველად გამოიყურება. თუმცა, ამის მიუხედავად, დიეტური გაზიანი სასმელებისა და მათში შემავალი ნივთიერებების ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ დღემდე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს.

უშაქრო გაზიანი სასმელები სასარგებლო ნივთიერებებს არ შეიცავს

ფოტო: Stephanie Phillips / Getty

დიეტური გაზიანი სასმელები უმეტესად კარბონატული, ანუ გაზიანი წყლის, ხელოვნური ან ბუნებრივი დამატკბობლების, საღებავების, ესენციებისა და სხვა საკვები დანამატების ნაერთია. მსგავსი სასმელები უმეტესად კალორიებს კი არ შეიცავენ, მაგრამ, ამასთან, არც სასარგებლო ნივთიერებათა სიმრავლით გამოირჩევიან. მაგალითად, 354 მილიგრამიანი დიეტური კოლის ერთი ქილა შეიცავს 40 მილიგრამ ნატრიუმს და დაცლილია ნახშირწყლების, ცხიმების, ცილებისა და კალორიებისგან.

თუმცა ყველა გაზიანი სასმელი, რომელშიც გამოყენებულია ხელოვნური დამატკბობლები, დაბალკალორიული ან სრულიად უშაქრო არ არის. ზოგიერთ მათგანში ბუნებრივ და ხელოვნურ ნახშირწყლებს ერთდროულდ იყენებენ. მაგალითად, Coca-Cola Life-ის ერთი ქილა, რომელშიც ბუნებრივი შაქრის სახეობა სტევიაა დამატებული, 90 კალორიასა და 24 გრამ შაქარს შეიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ბრენდი განსახვავებულ რეცეპტებს იყენებს, გაზიანი სასმელები, ძირითადად, ამ ინგრედიენტებისგან შედგება:

  • კარბონატული წყალი - მართალია, გაზიან წყალს ბუნებაშიც ვხვდებით, მაგრამ გაზიანი სასმელების უმეტესობა წნევის საშუალებით წყალში გახსნილი ნახშირორჟანგის აირითაა დამზადებული.
  • დამატკბობლები - ესენია, ძირითადად, ისეთი ხელოვნური ნახშირწყლები, როგორებიცაა ასპარტამი, საქარინი, სუკრალოზა ან მცენარეული დამატკბობელი სტევია. ეს ნივთიერებები ჩვეულებრივ შაქარზე 200-დან 13,000-ჯერ უფრო ტკბილია.
  • მჟავები - გაზიან სასმელებს სიმჟავისთვის ლიმონმჟავას, ვაშლმჟავასა და ფოსფორმჟავას უმატებენ. ამ ნივთიერებებს ხშირად კბილების მინანქრის ეროზიას უკავშირებენ.
  • საღებავები - გაზიან სასმელებში, ძირითადად, ისეთ საკვებ საღებავებს იყენებენ, როგორებიცაა კაროტინოიდები, ანტოციანები და კარამელები.
  • ესენციები - დიეტურ გაზიან სასმელებში სხვადასხვა სახეობის ნატურალურ წვენსა და ხელოვნურად გამოყვანილ გემოებს იყენებენ - მათ შორის ხილის, კენკრისა და სხვადასხვა მცენარის არომატებს.
  • კონსერვანტები - ეს ნივთიერებები გაზიან სასმელებს სუპერმარკეტების თაროებზე დიდხანს შენახვაში ეხმარება. ამისათვის უმეტესად კალიუმის ბენზოატს იყენებენ.
  • ვიტამინები და მინერალები - ზოგიერთ უშაქრო გაზიან სასმელს ვიტამინებსა და ბუნებრივ მინერალებსაც ამატებენ, რათა სტანდარტული გაზიანი სასმელების ამ დიეტურ ალტერნატივას მეტად ჯანსაღი პროდუქტის იმიჯი შეუქმნან.
  • კოფეინი - როგორც ჩვეულებრივი, ისე დიეტური გაზიანი სასმელებიც კოფეინს შეიცავს. მაგალითად, დიეტური კოლის ქილა - 46, ხოლო დიეტური პეპსის ქილა 34 მილიგრამ კოფეინს შეიცავს.

წონის კლებაზე არაკალორიული სასმელების გავლენა საკამათოა

ფოტო: Shutterstock

რადგანაც დიეტური გაზიანი სასმელები, ჩვეულებრივ, კალორიებს არ შეიცავს, ბუნებრივი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ მათი მიღება წონის კლებაში დაგვეხმარება. თუმცა სამეცნიერო კვლევები გვეუბნება, რომ, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს სიმართლე.

სხვადასხვა დაკვირვების შედეგების თანახმად, დიდი ოდენობით იმ დიეტური გაზიანი სასმელების მიღება, რომლებშიც ხელოვნური ნახშირწყლებია გამოყენებული, ჭარბწონიანობისა და მეტაბოლური სინდრომის - ორგანიზში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის რისკს ზრდის.

მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ უშაქრო გაზიანი სასმელი მადასაც აძლიერებს, რადგან ის შიმშილის გამომწვევ ჰორმონებს ასტიმულირებს, სიტკბოს აღმქმელ რეცეპტორებს სახეს უცვლის და ტვინში დოპამინის ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს. რადგან დიეტური გაზიანი სასმელები კალორიებს არ შეიცავს, ორგანიზმში გამოწვეულმა ამ რეაქციებმა, შეიძლება, ტკბილეულობისა და მაღალკალორიული საკვების მიღებისკენ მეტად გვიბიძგოს, რაც საბოლოოდ წონის მატებაზე აისახება. თუმცა ჯერ ადამიანის ორგანიზმში ამ ტიპის მიზეზშედეგობრივი კავშირის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები ჩატარებულ კვლევებში არ მოიპოვება.

ერთი თეორიის მიხედვით, უშაქრო გაზიანი სასმელების კავშირი წონის მატებასთან შეიძლება იმით აიხსნას, რომ ის ადამიანები, ვინც მსგავსი ტიპის სასმელებს დიდი ოდენობით მოიხმარენ, ზოგადად არაჯანსაღი კვებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევიან. შესაბამისად, მათი წონაში მატება, შესაძლოა, გამოწვეულია მათი მთლიანი დიეტით და არა - დიეტური გაზიანი სასმელებით.

არც ექსპერიმენტული კვლევებით დასტურდება ის მოსაზრება, რომ დიეტური გაზიანი სასმელები წონაში მატებას იწვევს. პირიქით, მსგავსი კვლევებით დადგინდა, რომ შაქრიანი გაზიანი სასმელების ჩანაცვლება მათი უშაქრო ვერსიით წონაში კლებასაც კი უწყობს ხელს.

ერთ-ერთი მსგავსი კვლევის ფარგლებში ჭარბწონიანი მოხალისეების ორ ჯგუფს შეისწავლიდნენ, რომელთაგან ერთის წევრები მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად 708 მილიგრამ დიეტურ გაზიან სასმელს სვამდნენ, მეორე ჯგუფის წევრები კი - ამდენივე წყალს. კვლევის ბოლოს აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებიც დიეტურ გაზიან სასმელს იღებდნენ, საშუალოდ 6.21 კილოგრამი დაიკლეს, ხოლო მათ, ვინც წყალს იღებდნენ - მხოლოდ 2.5 კილოგრამი.

მეტი სიცხადისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავს კვლევებში მიკერძოების ფაქტორი არსებობს. ასეთ ექსპერიმენტულ კვლევებს, სხვა არაკორმეციული კვლევებისგან განსხვავებით, ხელოვნური ნახშირწყლების მწარმოებელი კომპანიები აფინანსებენ. ამ კომპანიებს, რასაკვირველია, თავიანთთვის ხელსაყრელი შედეგების მიღება აძლევთ ხელს, რაც მათი დასკვნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ამის გათვალისწინებით, წონის ცვლილებაზე უშაქრო გაზიანი სასმელების რეალური გავლენის ზუსტად განსაზღვრისთვის გაცილებით სანდო და მაღალხარისხიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

უშაქრო გაზიანი სასმელების მიღებასა და დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარებას შორის კავშირი

ფოტო: Thomas Eversley / Alamy

მიუხედავად იმისა, რომ დიეტური გაზიანი სასმელები კალორიებს, შაქარსა და ცხიმებს არ შეიცავს, არაერთი კვლევა მათ ხშირ მიღებას შაქრიანი, ანუ II ტიპის დიაბეტის და გულის დაავადების განვითარებასთან აკავშირებს.

კვლევით დასტურდება, რომ ყოველდღიურად ერთი ულუფა ხელოვნური დამატკბობლებით გაჯერებული სასმლის მიღება II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს 8-13%-ით ზრდის. 64,850 ქალზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ხელოვნური ნახშირწყლებით დატკბილებული სასმელების დალევამ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი 21%-ით გაზარდა. თუმცა ჩვეულებრივი შაქრიანი სასმელების შემთხვევაში ეს რისკი ორჯერ მეტი იყო.

მეორე მხრივ, სხვა კვლევით დიაბეტის რისკის გაზრდასთან დიეტური გაზიანი სასმელის კავშირი არ გამოაშკარავდა. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მსგავსი კავშირები, შეიძლება, კვლევებში მონაწილეთა უკვე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, წონის ცვლილებებითა და სხეულის მასის ინდექსით იხსნებოდეს.

დიეტურ გაზიან სასმელს მაღალი არტერიული წნევისა და გულის დაავადებათა რისკების ზრდასაც უკავშირებენ. ოთხი კვლევის ანგარიშის თანახმად, რომელთა ფარგლებშიც 227,254 ადამიანს შეისწავლიდნენ, ყოველდღიურად ხელოვნური დამატკბობლებით მდიდარი სასმელების ერთი ულუფის მიღება მაღალი არტერიული წნევის რისკს 9%-ით ზრდის. ამავდროულად, დაკვირვებაზე დაფუძნებული სხვა კვლევა დიეტურ გაზიან სასმელებს ინსულტის რისკის მცირედით ზრდასათანაც აკავშირებს.

რადგანაც ამ კვლევების უმეტესება მხოლოდ დაკვირვებით მიღებულ ინფორმაციას იყენებს, მათი შედეგების ახსნა სხვა მიზეზებითაც შეიძლება: შესაძლებელია, რომ ადამიანები დიეტური გაზიანი სასმელების დალევას იმიტომ ამჯობინებდნენ, რომ უკვე იყვნენ დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის რისკის ქვეშ.

სწორედ ამის გამო უკეთესი მეთოდოლოგიის მქონე სამეცნიერო კვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა რეალური კავშირი უშაქრო გაზიან სასმელებსა და სისხლში შაქრისა თუ წნევის ზრდას შორის.

დიეტური გაზიანი სასმელების გავლენა თირკმლების ჯანმრთელობაზე

უშაქრო გაზიანი სასმელების ხშირ მიღებას თირკმლების ქრონიკული დაავადებების რისკის ზრდასთანაც აკავშირებენ.

ერთ-ერთ კვლევაში 15,368 ადამიანის კვებითი რაციონის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ კვირაში რამდენიმე ჭიქა არაკალორიული გაზიანი სასმლის მიღებით თირკმლების ბოლო სტადიის დაავადების განვითარების რისკი იზრდება.

ამავე კვლევის თანახმად, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კვირაში ერთ ჭიქა დიეტურ გაზიან სასმელს სვამენ, ისინი, ვის რაციონშიც ამ პროდუქტის რაოდენობა კვირაში შვიდ ჭიქას უდრის, თირკმლების პრობლემების განვითარების გაორმაგებული რისკის ქვეშ შეიძლება იყვნენ. სავარაუდოდ, თირკმლების დაზიანებას გაზიან სასმელში ფოსფორის მაღალი შემცველობა იწვევს, რაც თირკმლების მჟავით გადატვირთვას ზრდის.

თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ადამიანები, რომლებიც უშაქრო გაზიან სასმელებს მოიხმარენ, ზოგადად არაჯანსაღი კვებითა და ცხოვრების სტილით ხასიათდებიან, რაც თავისთავად თირკმლების დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები არსებობს დიეტური გაზიანი სასმელების მიერ თირკმლებში კენჭების განვითარების თაობაზეც: ერთი კვლევის თანახმად, უშაქრო გაზიანი სასმელები სხვა სტანდარტულ გაზიან სასმელებთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც ზრდის თირკმლებში კენჭების გაჩენის რისკს. სხვა კვლევები კი საპირისპირო შედეგებს იძლევა - რადგან ზოგიერთი დიეტური გაზიანი სასმელი ნატრიუმის ციტრატსა და ვაშლმჟავას შეიცავს, ამ ტიპის პროდუქტმა თირკმლებში კენჭების დაშლას შეიძლება შეუწყოს ხელი; განსაკუთრებით კი იმ ადამიანებში, რომლებსაც შარდში მჟავიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ამ საკითხის უკეთ შესასწავლადაც მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

დიეტური გაზიანი სასმელების ნაადრევ მშობიარობასთან და ბავშვებში ჭარბწონიანობასთან კავშირი

ფოტო: Getty

არსებობს ის მოსაზრებაც, რომ ორსულობის დროს უშაქრო გაზიანი სასმელების მიღებას ისეთი უარყოფითი შედეგები ახლავს, როგორებიცაა ნაადრევი მშობიარობა ან ბავშვებში ჭარბწონიანობის განვითარება.

ნორვეგიაში 60,761 ფეხმძიმე ქალზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ხელოვნური დამატკბობლებისა თუ ბუნებრივი შაქრის შემცველი სასმელების მიღება ნაადრევი მშობიარობის რისკს 11%-ით ზრდის. იქამდე დანიაში ჩატარებულ მსგავს კვლევაშიც იგივე შედეგი მიიღეს: თითქმის 60 ათასი ქალის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა დიეტური გაზიანი სასმელების მიღება ნაადრევი მშობიარობის რისკს 1.4-ჯერ ზრდიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს კვლევებიც მხოლოდ დაკვირვებითი ხასიათის იყო და არ გვთავაზობს მიზეზშედეგობრივი კავშირების ახსნას, რათა კონკრეტულად გამოჩნდეს, თუ როგორ იწვევს უშაქრო გაზიანი სასმელების მიღება ნაადრევ ფეხმძიმობას.

მოგვიანებით ინგლისშიც ჩატარდა მსგავსი კვლევა, რომლის ფარგლებშიც 8,914 ქალის ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაიმე კავშირი გაზიანი სასმელების მიღებასა და ნაადრევ ფეხმძიმობის გამოწვევას შორის ვერ დაინახეს. თუმცა კვლევის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, კვლევა არ იყო საკმარისად ფართომასშტაბიანი, რათა შესაბამისი კავშირების გამოვლენა შესაძლებელი გამხდარიყო.

კიდევ ერთი შემაშფოთებელი მიგნება, რაც კვლევებში გამოვლინდა, არის ის, რომ ფეხმძიმობისას ხელოვნური დამატკბობლებით გაჯერებული გაზიანი სასმელების მიღება შემდგომში ბავშვებში ჭარბწონიანობის რისკს ზრდის. ერთი კვლევის თანახმად, ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად დიეტური გაზიანი სასმელების მიღება ორმაგად ზრდის რისკს, რომ ერთი წლის ასაკში ბავშვი უკვე ჭარბწონიანი იქნება.

ფოტო: iStock

დამატებითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება, რომ უშაქრო გაზიან სასმელებს თქვენს ჯანმრთელობაზე ჰქონდეს:

  • ღვიძლის გაცხიმოვნების შემცირება - ზოგიერთი კვლევის თანახმად, სტანდარტული გაზიანი სასმელების ჩანაცვლება მათი დიეტური ვერსიით ღვიძლში ცხიმების შემცირებას უწყობს ხელს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა ამას ყველა კვლევა არ ადასტურებს.
  • ნაწლავების მიკროგარემოს შეცვლა - ხელოვნური დამატკბობლები ადამიანის ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებზე გავლენას ახდენს, რაც შემდეგ სისხლში შაქრის დონის კონტროლს ამცირებს. შესაძლოა, სწორედ ეს იწვევდეს II ტიპის დიაბეტის განვითარებას, თუმცა ამის ბოლომდე დასადასტურებლად უფრო მეტი კვლევაა ჩასატარებელი.
  • ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ზრდა - ძვლების მინერალური სიმკვრივის დაკარგვასთან გაზიანი სასმლის მიღების კავშირი მხოლოდ ქალებში ვლინდება. გაზიან სასმელებში არსებულმა კოფეინმა და ფოსფორმა, შეიძლება, კალციუმის შეთვისების პროცესი შეაფერხოს.
  • კბილების დაზიანება - სხვა გაზიანი სასმელების მსგავსად, დიეტურ გაზიან ალტერნატივასაც მჟავიანობის მაღალი შემცველობის გამო კბილების ეროზიის გამოწვევასთან აკავშირებენ.
  • დეპრესია - რამდენიმე კვლევის შედეგებში დეპრესიის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად ოთხ ან მეტ ჭიქა გაზიან სასმელს მოიხმარენ. თუმცა ექსპერიმენტებია საჭირო, რათა დადგინდეს, რამდენად უწყობს ხელს გაზიანი სასმელი ამ კონდიციის განვითარებას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა დალიოთ თუ არა უშაქრო გაზიანი სასმელი?

ფოტო: Shutterstock

როგორც უკვე თავადაც დარწმუნდებოდით, დიეტური გაზიანი სასმელების შესახებ კვლევები საკამათო და ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო შედეგებს გვთავაზობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩატარებული კვლევების უმეტესობა მხოლოდ დაკვირვებითი ხასიათისაა და ვერ ავლენს, თუ კონკრეტულად რა გავლენა აქვს ამ ტიპის სასმელების მიღებას ჩვენს ჯანმრთელობაზე.

მართალია, ზოგიერთი კვლევა შემაშფოთებელ შედეგებზე მიუთითებს და გაზიანი სასმელების მიღებისგან თავშეკავებისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ არსებული ინფორმაცია ჯერ კიდევ არასრულია და რეალური დასკვნების გამოსატანად უფრო მეტი მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევაა ჩასატარებელი.

მიუხედავად ამისა, ერთი რამ ფაქტია: უშაქრო გაზიანი სასმელის დამატებით თქვენს კვების რაციონს ჯანსაღი ნივთიერებებით ვერ გაამდიდრებთ. ამის გათვალისწინებთ, თუ სტანდარტული, კალორიული გაზიანი სასმელების ჩანაცვლება მათი დიეტური ვერსიით გინდათ, ურიგო არ იქნება, თუ თავდაპირველ ალტერნატიულ ვერსიად ჩაის ან ნატურალური ხილის ნაჭრებით დატკბილულ წყალს განიხილავთ.