სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, ომარ გამყრელიძის შვილიშვილის აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაკავებულის ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ განმარტა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ის მოწმეებზე, ასევე გარშემომყოფებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნულს არ ეთანხმება ბრალდების მხარე.

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

საქმე ეხება 3 მაისს მომხდარ ფაქტს. შსს-ს მტკიცებით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. უწყების ცნობით, გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ადგილზე ორი სხვადასხვა იარაღით გაისროლეს, ამ გარემოებამ კი გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა. უწყების ინფორმაციით, ოჯახის წევრები ჩვენებებში ამბობენ, რომ დაკავებულის მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

3 მაისს პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა ომარ გამყრელიძე. უწყების მტკიცებით, მასზე მეზობლები აცხადებდნენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა — შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ცოლსა და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.