გაზეთ გურიის მოამბის რედაქტორი თეა იოსელიანი ამბობს, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან. მისი თქმით, მსგავსი შინაარსის შეტყობინება ფეისბუქის პირად შეტყობინებაში მიიღო და პოლიციაში განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

თეა იოსელიანი On.ge-სთან ამბობს, რომ მისთვის უცნობმა პირმა წერილი 28 აგვისტოს გაუგზავნა. ის მუქარას ჟურნალისტურ საქმიანობას და ფეისბუქაქტივობებს უკავშირებს, ვინმესგან პირად მტრობას კი გამორიცხავს.

"გუშინ საღამოს შემთხვევით ვიპოვე, როცა ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებდი. პოლიციამ დაიწყო უკვე ამაზე გამოძიება. გამორიცხულია, ვინმეს ჩემთან პირადი მტრობა აკავშირებდეს. 16 წელია ჟურნალისტიკის სფეროში ვარ და ძალიან ბევრი კრიტიკული წერილი დამიწერია. ეს ბევრს მოსწონდა, ბევრი ღიზიანდებოდა, მაგრამ, ამდაგვარი ამაზრზენი და მართლაც შიშისმომგვრელი მუქარის შემცველი შეტყობინება პირველად მივიღე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს უკავშირდება ჩემს საქმიანობას და ფეისბუქ აქტივობებს", — აცხადებს ჟურნალისტი.

იოსელიანის თქმით, ის შსს-გან დროულ რეაგირებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "სხვა ზომებს" მიმართავს. თუ რას გულისხმობს, ჟურნალსტი "სხვა ზომებში" არ აკონკრეტებს.

"სწავლის პერიოდი მოდის, ბავშვებს სკოლაში ვერ წავიყვან, თუ გამოძიება დროულად არ დასრულდება, ბევრჯერ დაგვმუქრებიან რედაქციას ჩვენი კრიტიკული საქმიანობის გამო, თუმცა ოჯახს არასდროს შეხებიან, ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს, როცა შვილებით გემუქრებიან", — ამბობს ჟურნალისტი.