აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის, მეთიუ ბრაიზას თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერება დემონსტრანტებისთვის პროვოკაციული ნაბიჯია. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ გამიგია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს თავს მთავრობის მართვას ყოველდღიურად. თუმცა ნებისმიერი, ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე, ბოლო პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ დგანან, შეიძლება, ძალიან ბევრნი არ არიან, თუმცა გამოხატავენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებას. ყველა მათგანისთვის ეს გაუგებარია, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი, ყოფილი შს მინისტრი, ახლა პრემიერ-მინისტრია", — აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

პარლამენტში ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარიას მთავრობა 8 სექტემბერს დაამტკიცა. გახარიას გაპრემიერებას კრიტიკულად შეხვდნენ ოპოზიცია და #სირცხვილიას სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თითქმის სამი თვეა შს მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ კომიტეტებში გახარიას მთავრობის მოსმენას ბოიკოტი გამოუცხადეს და მხოლოდ ფრაქციის ფორმატში დაუსვეს კითხვები. გარდა ამისა, ოპოზიციას კენჭისყრაშიც არ მიუღია მონაწილეობა.