თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას გაპრემიერების შეფასებისას ამბობს, რომ მას რამდენჯერაც შეხვდა სამუშაო ფორმატში, ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ უკვე ყოფილმა ბანკირმა TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა:

"სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს შეფარული მიზეზებია, ხან კომერციულ მიზეზსს ასახელებდა, რომ კომერციულად არ ვარგა ანაკლია", — იხსენებს ხაზარაძე და ამბობს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის პერსპექტივის განვითარება არ ესმის. ხაზარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში იგი ანაკლიის პროექტის განვითარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.

გუშინ, 8 სექტემბერს ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. მთავრობის დამტკიცების პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში პროტესტისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც #სირცხვილიას აქტივისტები, ისე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და წევრები სასტვენებითა და შეძახილებით პრემიერმინისტრის პოსტზე გახარიას კანდიდატურას აპროტესტებდნენ.

თიბისის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები აგვისტოში დატოვეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, განაცხადა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თანამდებობების დატოვებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვეს.

გაიგეთ მეტი ამავე თემაზე: