თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი ახალი პოლიტიკური მოძრაობის სპიკერი, ყოფილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, მისი გუნდის სხვა წევრებს იგი უახლოეს დღეებში დაასახელებს.

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნად 2018 წლის 9 იანვარს დაინიშნა. მანამდე ის იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2016-17 წლებში იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი.

2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, 2014-2017 წლებში სამჯერ იქნა არჩეული ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც "ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება". ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან მისივე განცხადებით, ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.