თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილის მიმართ ძალადობასა და წამებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში არასრულწლოვანზე იძალადა და ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა.

"2019 წლის 12 მაისს, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, არასრულწლოვანი შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. ბრალდებული ამგვარ ქმედებას, დაზარალებულის მიმართ პერიოდულად, 2019 წლის 12 და 13 მაისს ახორციელებდა, ვიდრე ადგილზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ის 2019 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) 111, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისთვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.