მთავარი არხი ეთერში 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე გავა. არხის Facebook გვერდზე პრომოვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჟურნალისტები ტელევიზიის შესახებ საუბრობენ.

"მთავარი არის თავისუფლება და ჩვენ თქვენთან ერთად ვიწყებთ თავისუფალი არხის შენებას", — ამბობს დიანა ჯოჯუა, რომელიც მთავარ არხზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

"მთავარ არხზე ვიბრძოლებთ ჟურნალისტები, რომლებმაც უარი ვთქვით სახელისუფლებო ტელევიზიაში მუშაობაზე", — აღნიშნავს პაატა იაკობაშილი, რომელიც დიანა ჯოჯუასთან ერთად მთავარი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

პრომოვიდეოში ჟურნალისტები საუბრობენ, რომ მთავარი არხი არის გზა თავისუფლებისკენ და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი მთავარი იქნება მთავარ არხზე.

"აქ, თავისუფლების მთავარ არხზე ჩვენ ავსახავთ რეალობას, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ და ვიქნებით იქ, სადაც თქვენ დაგჭირდებით", — ამბობს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თამარ ბაღაშვილი.

მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე პრომოვიდეოში აღნიშნავს, რომ როგორც რუსთავი 2-ზე, აქაც მოყვებიან ქართული ოცნების მმართველობის შესახებ.

პრომოვიდეოში საუბრობენ რუსთავი 2-ის ძველი სახეები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ვანო ჯავახიშვილი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია.

"ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, შემოგვიერთდით, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ მთავარი — თავისუფლება. ყველაფერი გამოვა", — ამბობს ვიდეოს დასასრულში არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.