რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"მოკლედ, ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა. ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი პაატა იაკობაშვილით დაწყებული, გადარეული ნანუკა ჟორჟოლიანით დამთავრებული. ტელევიზიაში თითქოს ყველაფერი გამოდის, წესრიგშია, მაგრამ სადღაც იქ, ალარმის წითელი ნათურა მაინც ჩართული აქვთ. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით ჩუმად, კიდე რაღაც და კიდე რაღაც და მამუნათებენ, ამხელა საქმე გააკეთე და უაზრო ახირებას როგორ უნდა გადააყოლო საქმეც და ამდენი ადამიანიცო. ცალკე ჩემი ადვოკატი და სრული ნდობის კაცი დიტო საძაგლიშვილი მეუბნება, მე გადავიხდი, ფეხებზე მკიდია, შენ რას იზამ, საქმეს ღუპავ სულელური ახირებითო.", — წერს გვარამია.

მისივე თქმით, გირაოს საკითხი აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც, რომლებიც გარანტიებს ითხოვენ, რომ მას არ დააკავებენ.

"აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება. ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. სწავლის თავი არ მაქვსო, იძახის, ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებიო. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში", — აღნიშნავს გვარამია.

მისივე თქმით, გირაოს ის არ გადაიხდის, არამედ გადაიხდიან მისი ახლობლები, რომელსაც ის ემორჩილება.

"მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ. მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება", — დასძენს გვარამია.

11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ნიკა გვარამიამ ბრალის წაყენების დროსაც და სასამართლო სხდომაზეც განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთ სახეს და მისი დაპატიმრება მოუწევდათ. გვარამიას წინააღმდეგ 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს.