პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი გააღიზიანა ტაბულას ჟურნალისტის იმ კითხვამ, რომელიც მის მიერ რამდენიმე საათის წინ აქტივისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას შეეხებოდა. მან ჟურნალისტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდა.

"კანონის დარღვევა თუ რამე არის, გამოჩნდება. მე არავისთვის არ დამირტყია... მე ჩემგან ვჯიკაობდი და ეხლა პროვოკაციულ იმას ნუ იძლევი, არადა გატრიალდი და წადი. თქვენ ხართ ყველაზე დიდი მოღალატეები, ასეთი ჟურნალისტები. თქვენ გამიყიდეთ კოდორიც და სამშობლოც", — უთხრა აგრესიული ტონით პარლამენტის დეპუტატმა ტაბულას ჟურნალისტს.

ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გავიდა, რაც #სირცხვილია-ს ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს. მას აქტივისტები რუსეთის მონასა და მოღალატეს ეძახდნენ.

პარლამენტის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პოლიციელსა და აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს.