პარლამენტის დეპუტატი, ადა მარშანია ამბობს, რომ მას "ესმის" კოლეგის, ემზარ კვიციანის "ემოცია", თუმცა არ იწონებს. ასე შეაფასა მარშანიამ თანაგუნდელის მიერ პოლიციელისა და აქტივისტების შეურაცხყოფა და გინება.

"გამოსვლისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი ვარაუდით, ნაცმოძრაობის აქტივისტებმა. როცა შენ მოღალატე გეძახის მოღალატეს და ამას სკანდირებს, ადამიანს, რომელიც 15 წელის იარაღით ხელში სამშობლოს იცავდა და უამრავი ნათესავი ჰყავს იქ დაღუპული, მათ შორის ძალიან ახალგაზრდები, დისშვილები… ეს ჩვეულებრივი ადამიანია და ეტყობა, ვერ მოითმინა და გადავიდა ფიზიკურ პასუხზეც. ცხადია, არა არის ეს არც მისაღები, არც მოსაწონი, მით უმეტეს დეპუტატის მხრიდან. მაგრამ მე მისი ემოცია მესმის, თუმცა პასუხს არ ვუწონებ", — თქვა მარშანიამ TV პირველთან საუბრისას.

ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გავიდა, რაც #სირცხვილია-ს ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს. მას აქტივისტები რუსეთის მონასა და მოღალატეს ეძახდნენ.

პარლამენტის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პოლიციელსა და აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს.