მაშინ, როცა საზოგადოება მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოსგან კრიტიკულ კითხვებს ელის, ქართული ოცნება პრემიერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ქებით არის დაკავებული. კითხვები, რომელსაც უმრავლესობა სვამს მაპროვოცირებელია, რათა კანდიდატმა კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს "საკუთარ პოზიტიურ გეგმებზე".

მადლობების სერია უმრავლესობაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გახსნა და გახარიას "სწორი აქცენტებისთვის მადლობა გადაუხადა".

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გახარიას ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები შეუქო და დაინტერესდა, "რას ფიქრობს, ხომ არ უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია უწყებებს შორის".

დეპუტატ გუგული მაღრაძესთვის გახარიას პროგრამა საქმიანი და "ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული" აღმოჩნდა. ნინო წილოსანმა კი გახარიას ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე მეტი ინფორმაცია მოსთხოვა და თქვა, რომ ის ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმის ახალგაზრდების მოთხოვნები და სურვილები".

ზაზა პაპუაშვილმა კი კითხვაც არ დასვა და განკუთვნილი 2 წუთი გიორგი გახარიას ქებას დაუთმო: "მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლება შედგება სუფთა ადამიანებისგან და ის არ იტყუება. მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ეს ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ და არც თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში და ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება. ეს არის ჩემი კითხვაც და პასუხიც და აქედან გამოდის ყველაფერი".

მადლობების სერია გააგრძელა რატი იონათამაშვილმა, დავით მათიკაშვილმა და სხვა უმრავლესობის დეპუტატებმა.

დღეს, საქართველოს პარლამენტში საბოლოოდ უყრიან კენჭს გახარიას ე.წ. ახალ მთავრობას ძველი სახეებით. სხდომას არ ესწრებიან ევროპული საქართველოს დეპუტატები. ნაციონალური მოძრაობა კი მიუხედავად სხდომაზე დასწრების დაანონსებისა, დარბაზში არ გამოჩენილა.

3 სექტემბერს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი სამ თვეზე მეტია ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.