ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმი ბოროტმოქმედი საკონკურსო სექცია "ჰორიზონტში" აჩვენეს.

კინოფესტივალზე იმყოფება ფილმის მთავარი შემოქმედებითი გუნდი – რეჟისორი, მსახიობი – ნატალია ჯუღელი და ფილმის პროდიუსერი სულიკო წულუკიძე. ფესტივალის განრიგის მიხედვით მათ ჰქონდათ ოფიციალური ფოტო-სესია, წითელი ხალიჩა, ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან და საჯარო პრემიერა.

ფოტო: მარიკა ბაკურაძე

ბოროტმოქმედი – ესაა ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მაღაროში მუშაობს და შემთხვევით, ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება.

28 წლის გიორგი ყოველდღიურად თვალს ადევნებს მკვლელობის ძიებას და მის სატელევიზიო გაშუქებას, თუმცა ვერ ახერხებს დარეკოს პოლიციაში და ვერ ეკონტაქტება გარდაცვლილის ოჯახს. ყოველდღიურად ის უფრო და უფრო ეფლობა ამ კრიმინალურ ისტორიაში და საკუთარ თავს კარგავს.

კინოსურათი Millimeter Film- ის წარმოებაა და შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. რეჟისორის თქმით, მას ჰქონდა სურვილი გადაეღო ისტორია კაცზე, რომელიც შემთხვევითობის შედეგად, სხვა კრიმინალური ისტორიის გამო საკუთარ თავს კარგავს.

ფილმის ქრონომეტრაჟი 135 წუთია და მასში მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, მადონა ჩაჩხიანი და ნატალია ჯუღელი ასრულებენ.

ვენეციის კინოფესტივალი მსოფლიოს ყველაზე ძველი კინოფესტივალია, რომელიც წელს 76-ედ მასპინძლობს 10 დღიან კინომარათონს.

კინოფესტივალი 7 სექტემბერს დაიხურება და გამარჯვებულების ვინაობაც დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება.