"ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ხან მედიის უკან, ხან პოლიტიკის უკან ამოფარება", — ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მთავარი არხის მფლობელის, ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით თქვა. გვარამიამ გუშინ, 6 სექტემბერს თქვა, რომ ბრალის წაყენება მთავარი არხის გახსნას უკავშირდება.

კილაძე ამბობს, რომ თუ არის კონკრეტული ნიშანი დანაშაულის, ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი რეაგირება.

"თუ იქნება მტკიცებულებები წარმოდგენილი, ამ მტკიცებულებებს შესაბამისი მიმართულება ექნება, ან მოხდება პირის სამართლებრივი წესით დასჯა, ან არ მოხდება", — თქვა კილაძემ.

რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს, რაც რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას გულისხმობს.