"ასაკს დაუწიეთ", — პოლიტიკურმა მოძრაობა გირჩმა საპარლამენტო ასაკის შეცვლის მოთხოვნით ახალი კამპანია დაიწყო. ვიდეოში, რომელიც პარტიამ გაავრცელა საუბრობენ, რომ ახალგაზდებს აიძულებენ დგომას პოლიციის, სასჯელაღსრულებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების დაცვაში, მაგრამ არ უშვებენ პარლამენტში.

"რადგან ეშინიათ, რომ არ მივაღებინებთ ისეთ კანონებს, რომლითაც გვაიძულებენ ვიდგეთ, აი, აქ [პროკურატურის დაცვაში]; აი, აქ [პოლიციის დაცვაში]; აი, აქ [სუს-ის დაცვაში]... ნწ, ნწ, ნწ, ნწ... ეგრე არ გამოვა, ასაკს დაუწიეთ, საპარლამენტო ასაკს დაუწიეთ", — ისმის ვიდეოში, რომელსაც ფონად გასდევს იტალიური წინააღმდეგობის ჰიმნად წოდებული სიღერა Bella Ciao.

პარტიაში აქამდეც განაცხადეს, რომ კანონმდებლობა სამართლიანი არ არის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობდა, რომ ხმის მიცემის ასაკმა 16 წლამდე უნდა დაიწიოს, პარლამენტში შესვლა კი 18 წლის პირმაც უნდა შეძლოს.

გირჩი რამდენიმე წელია იბრძვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგაც. სპეციალურად ამისთვის მათ შექმნეს რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან თავის დაღწევაში ეხმარება. ამ ორგანიზაციას ღიად დაუპირისპირდა თავდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გირჩის საქმიანობას სახელმწიფოსთვის საფრთხისშემცველი უწოდა. პასუხად გირჩის რელიგიურმა ორგანიზაცია ბიბლიურმა თავისუფლებამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილი "ბლატაობს" და კუნთებს ათმაშებს.

განახლება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ეს ვიდეომასალა არის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რაც დაზუსტების შემდეგ შეიცვალა.