საქართველოს პარლამენტში გახარიას მთავრობის მოსმენაზე ნაციონალურმა მოძრაობამ სიმღერა "გახარიას უხარია" ჩართო და 20-21 ივნისის აქციაზე რუსთავი 2-ის გადაღებული კადრები გაუშვა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, ისინი ახალი მთავრობის მოსმენას ვიდეოკითხვით იწყებენ, რაზეც საზოგადოება პასუხს ითხოვს. ის დაინტერესდა, რატომ ესროლეს ბავშვებს და მშვიდობიან მოქალაქეებს და რა პასუხი აქვს ყოფილ შს მინისტრს.

"ვინ აგო პასუხი? მომავალში რომ აგებს პასუხს ამაში თქვენ დარწმუნდებით", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ მთავრობის დამტკიცების პროცედურას საკომიტეტო მოსმენებზე ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა ფრაქციის ფორმატში მაინც უსმენენ.

გახარიას პრემიერობით მთავრობის ე.წ. ახალ შემადგენლობას ძველი სახეებით პარლამენტში ფრაქციის ფორმატში უსმენენ. დღეს, გიორგი გახარიას და მის დაკომპლექტებულ მთავრობას კითხვებს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები დაუსვამენ. ხვალ კი მთავრობის მოსმენა ქართული ოცნებისა და პარტიოტთა ალიანსის ფრაქციის ფორმატში გაგრძელდება.

ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებდნენ. ამ პოსტზე გახარიას წარდგენის შემდეგ პარლამენტთან და ქართული ოცნების ოფისთან რამდენიმე აქცია გაიმართა. აქციებს ერთ-ერთი ორგანიზატორი მოძრაობა #სირცხვილიაა, რომელიც 70 დღეზე მეტია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ქართულმა ოცნებამ ამ თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა.