Fast and Furious-ის გადაღებების გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემები ამჯერად ნუცუბიძის ფერდობზე შეიცვლება. თბილისის მერიის განცხადებით, 8-დან 15 სექტემბრამდე ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

  • თავდაპირველად, 8 სექტემბრის ღამის 12 საათიდან 15 სექტემბრის ღამის 12 საათამდე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ გადაადგილება შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან შესაძლებელი იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით;
  • დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება #88 და #99 ავტობუსების მარშრუტები. #88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული #192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. #99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, #1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება;
  • გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ დელისამდე დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც მგზავრებს ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით დელისამდე მიიყვანს;
  • #63 და #107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები არ შეიცვლება;
  • 10 სექტემბერს, 11 საათიდან 20 საათამდე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის #19 ბ კორპუსამდე;
  • შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ;
  • შესაბამისად, 10 სექტემბრის 11-დან 20 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონის, ასევე სოფლების: თხინვალასა და ლისიდან როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები #63, #99 და #107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

ამავე დღეს, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი #88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური დელისი განისაზღვრება, რადგან 12-მეტრიანი მანის მარკის ავტობუსები ბერიტაშვილის ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

აქამდე თბილისში გადაღებების გამო ჩაკეტილი იყო რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას გამზირი. გადაღებები მიმდინარეობდა ქალაქ რუსთავში.

ფილმს პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებენ. საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება.პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა, XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა და გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდიც დარეგისტრირდა.