ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუგაბე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მუგაბე, რომელმაც დროთა განმავლობაში დიქტატორის რეპუტაცია მოიპოვა, ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წელს გახდა და ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა. მსოფლიოში ის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ლიდერი იყო.

2017 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ის ხელისუფლებას ჩამოაშორეს და შინაპატიმრობაში ჩასვეს. ამის შემდეგ მუგაბე თვითონ გადადგა.

მუგაბეს მმართველობის დასაწყისში ზიმბაბვეში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა წლებთან ერთად მას ადამიანის უფლებების უგულებელყოფისთვისა და კორუფციისთვის ხშირად აკრიტიკებდნენ. ოპოზიცია მას დიქტატორად მოიხსენიებდა. ამავე დროს, აფრიკაში მიიჩნეოდა, რომ ის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და ზიმბაბვეს გათავისუფლების ფუძემდებელია.