ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 20 ივნისს განვითარებული მოვლების გამო საქართველომ ივლისის თვეში 60 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასსუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალეს ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და ივლისის თვეში ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თითქმის 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, დაკარგა მცირე ბიზნესმა, ჩვენმა ოჯახებმა, მცირე სასტუმროებმა", — აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახლა უმკლავდება. მისივე განცადებით, რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, საქართველოს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა, რასაც ცხადყოფს სტატისტიკაც.

"გავრილოვის ღამე"

20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავლიროვის ვიზიტით გამოწვეული პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მთავრობა ამ ფაქტს ოპოზიციას აბრალებს, რასაც ოპოზიცია უარყოფს.

აქციის დაშლისას სამართალდამცავების ნაწილი დამიზნებით ესროდა აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა.

რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტით დაწყებული სირცხვილის ტალღა საზოგადოებამ გიორგი გახარიასკენ მიმართა და მისი გადადგომის მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქციები #სირცხვილია დაიწყო. რამდენიმე ათასი, ასეული და ხანდახან ათეული ადამიანიც 76 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე რჩებოდა და ყოველდღიურად უმეორებდა გახარიას, რომ მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა და უნდა გადადგეს.

გახარია ამბობდა, რომ უწყებას მხოლოდ ამ საქმის გამოძიების შემდეგ დატოვებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის პრემიერად წარადგინეს. თავის შემცვლელად კი მან გომელაური წარადგინა.