ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა აუტანელი თავის ტკივილით გაღვიძებას იმის გახსენების მცდელობაც ერთვის, თუ რა ვთქვით და რა გავაკეთეთ წინა ღამეს, ზედმეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგ. და მერე, უეცრად, გასული დღის ამბები მთელი სიცხადით გვიდგება თვალწინ.

ალკოჰოლი ჩვენ მეტად თავდაჯერებულებს გვხდის; ის გვაიძულებს, ვთქვათ და გავაკეთოთ ისეთი რამ, რასაც სხვა დროს არ ვიტყოდით და ვიზამდით. ადამიანები რთულ სიტუაციაში ყოფნისას სიმამაცის მომატების მიზნით ხშირად მიმართავენ ხოლმე სასმელს. ბევრ ჩვენგანს საკუთარ თავზე გამოუცდია, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრისა თუ ღონისძიების წინ ცოტაოდენი ალკოჰოლის მიღება ნერვებს აწყნარებს და საკუთარი თავის რწმენას ზრდის. ეს იმიტომ ხდება, რომ ალკოჰოლს ანტიდეპრესანტის ეფექტი აქვს, რაც თავს უფრო მშვიდად გვაგრძნობინებს.

რა თქმა უნდა, ალკოჰოლის მიღებას მხოლოდ დადებითი ეფექტები არ ახლავს. ალბათ ყველას დაგვიმსახურებია ზედმეტსახელები იმ პერსონაჟის გამო, რომელიც რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვხდებით. შეიძლება, თქვენ მხიარული სიმთვრალე გაქვთ ან, პირიქით, სმისას აგრესიული ხდებით და რამდენიმე ჭიქის შემდეგ გგონიათ, რომ მთელი სამყარო თქვენ გემტერებათ.

მთვრალი ადამიანები კარგავენ იმის გააზრების უნარს, თუ რას გრძნობენ გარშემომყოფები.

ფოტო: Dusan Petkovic / Shutterstock

ალკოჰოლსა და ანტისოციალურ ქცევას შორის კავშირი კარგად არის შესწავლილი - როგორც პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით, ასევე ფაქტებზე დაფუძნებული კვლევებითაც. კამათისა თუ ხელჩართული ჩხუბის უამრავი შემთხვევა სწორედ იმის გამო იწყება, რომ ვიღაცამ ზედმეტად ბევრი დალია. მეცნიერების აზრით, სიმთვრალეში ჩვენი ასეთი ქცევა განპირობებულია იმით, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩვენ სოციალურ სიტუაციებს არასწორ ინტეპრეტაციას ვუკეთებთ და თანაგრძნობის უნარს ვკარგავთ. არსებითად, როგორც კი გაუგებრად და ბორძიკით საუბარს ვიწყებთ, სხვისი ემოციების გაგებისა და გაზიარების უნარსაც ვკარგავთ.

სიმთვრალეში მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება

თუ ვინმე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რაიმე არასწორს გააკეთებს, ჩვენ მას ამ საქციელს, როგორც წესი, ვპატიობთ ხოლმე. ამასთან, საკუთარი საქციელის გასამართლებლადაც ხშირად ვიყენებთ იმ მიზეზს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავით.

ბოლოდროინდელ კვლევაში მეცნიერებმა სწორედ ალკოჰოლის მიღებას, თანაგრძნობასა და მორალურ ქცევას შორის კავშირის გამოკვეთა დაისახეს მიზნად. შედეგად გაირკვა, რომ ალკოჰოლის მოხმარება, მართალია, ჩვენს თანაგრძნობის უნარზე გავლენას ახდენს და გვაიძულებს, ადამიანების ქცევებსა და ემოციებს არაადეკვატურად ვუპასუხოთ, თუმცა ის არ ცვლის ჩვენს ზნეობრივ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომელთა საშუალებითაც სწორისა და არასწორის გარჩევა შეგვიძლია.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეებს ჯერ არაყი დაალევინეს, შემდეგ კი მათი თანაგრძნობის ხარისხი და ზნეობრივი გადაწყვეტილებები შეაფასეს. კერძოდ, მოხალისეებს აჩვენეს სურათები, სადაც სხვადასხვა ადამიანის ემოციები იყო ასახული. არყის უფრო მაღალი დოზის მიღების შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა ემოციის გამომხატველ სახეებზე არაადეკვატურად დაიწყეს რეაგირება. მათ განაცხადეს, რომ მოწყენილი სახეები მათზე დადებითად მოქმედებდა, ხოლო ბედნიერი სახეები - უარყოფითად. რაც უფრო მეტი ალკოჰოლი იყო მათ ორგანიზმში, მით უფრო იკლებდა მათი თანაგრძნობა. არსებითად, რამდენიმე ჭიქამ მათში სხვისი ემოციების გაგებისა და გაზიარების უნარი შეასუსტა.

ექსპერიმენტისას მონაწილეებს სთხოვეს, გაეკეთებინათ ვირტუალური რეალობის სათვალეები და სიმულაციის შიგნით მორალური გადაწყვეტილებები მიეღოთ.

ფოტო: Standret / Shutterstock

მაგრამ მკვლევრებს ასევე აინტერესებდათ, მონაწილეთა მორალზეც მოახდინა თუ არა ალკოჰოლმა რაიმე გავლენა.

ექსპერიმენტის დაწყებისას მონაწილეებს სთხოვეს, ეპასუხათ, თუ რას გააკეთებდნენ კონკრეტული მორალური დილემის დროს. მას შემდეგ კი, რაც მოხალისეებმა არაყი დალიეს, მეცნიერები დააკვირდნენ, თუ რეალურად რას მოიმოქმედებდნენ ისინი ვირტუალურ რეალობაში იმავე მორალური დილემის სიმულაციისას.

დილემა, რომლის წინაშეც მოხალისეები დააყენეს, ამ სახისა იყო: წარმოიდგინეთ, რომ სარკინიგზო ტრასაზე მდგომი ხუთი მშენებლისაკენ ვაგონი მიექანება, მათ კი მისი ხმა არ ესმით. თქვენ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, მოახლოებულ ვაგონსა და მუშებს შორის დგახართ. თქვენ წინ ძალიან დიდი, თქვენთვის უცნობი ადამიანი დგას. თუ ამ უცნობს ქვევით, რელსებზე ჩააგდებთ, მისი სხეული ვაგონს შეაჩერებს. შედეგად, ეს ერთი ადამიანი დაიღუპება; სამაგიეროდ, ხუთი მშენებელი გადარჩება. გააკეთებდით ამას?

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლმა ექსპერიმენტის მონაწილეთა თანაგრძნობა შეასუსტა, ამას გავლენა არ მოუხდენია იმაზე, თუ როგორ განსაჯეს მათ მორალური გადაწყვეტილების მომთხოვნი ეს სიტუაცია. ვინც ფხიზელი გონებით გადაწყვიტა, რომ ხუთი მუშის გადასარჩენად ერთი ადამიანის სიცოცხლეს გაწირავდა, სიმთვრალეშიც იგივე მოიმოქმედა. ხოლო ვინც იმავე სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლად გაწირვაზე უარი განაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ შედეგის მიუხედავად მკვლელობა არასწორი იყო, მათ სიმთვრალეშიც იგივე გააკეთეს.

როგორც ჩანს, გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ალკოჰოლი ჩვენს ეთიკურ პრინციპებს არ ცვლის. თქვენ სასმელის მიღების შემდეგაც იგივე ადამიანი ხართ, რადგან თქვენი მორალური კომპასი ხელუხლებელი რჩება. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ გარშემომყოფების ემოციებს, ჩვენს ამორალურ ქცევას სასმელს ვერ გადავაბრალებთ.

შესაბამისად, კვლევის თანახმად, რადგან ჩვენ სიმთვრალეში უცვლელად ვინარჩუნებთ ზნეობრივ საზომს, არ აქვს მნიშვნელობა, დალეული გვაქვს თუ არა - ყველა ვარიანტში ჩვენს მორალურ და ამორალურ საქციელზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჩვენ ვართ.