დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის უმცროსი ძმა, ჯო ჯონსონი ხელისუფლებიდან მიდის. ის პარლამენტში დეპუტატის მანდატსა და უმცროსი მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც ჯონსონმა დატვიტა, მისი გადადგომა ოჯახისა და ეროვნული ინტერესების საკითხს ეხება.

"ბოლო კვირების განმავლობაში ოჯახისა და ეროვნული ინტერესების მიმართ ლოიალურობას შორის ვიხლიჩებოდი — ეს გადაუწყვეტელი სიტუაციაა და დრო მოვიდა, რომ სხვა ადამიანებმა დაიკავონ ჩემი ადგილი დეპუტატისა და მინისტრის თანამდებობებზე", — წერს ჯო ჯონსონი.

ჯო ჯონსონი ევროკავშირში დარჩენის მომხრეა მაშინ, როცა მისი ძმა ბორის ჯონსონი ალიანსის დატოვებას ითხოვს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის საკითხი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. 4 სექტემბერს პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მკაცრ ბრექსიტს, ანუ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას კრძალავს. ახლა კანონპროექტი განსახილველად ლორდთან პალატას გადაეგზავნა. ზედა პალატის მხარდაჭრის შემდეგ მას დედოფალი მოაწერს ხელს, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პრემიერ-მინისტრი 19 ოქტომბრამდე ევროკავშირთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან ბრექსიტის გადავადება 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა მოითხოვოს. პროექტს მხარი 327-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერები და ჯონსონის წინააღმდეგ წასული თანაპარტიელი კონსერვატორები. კანონპროექტს 299 დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.

ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკვე მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების განხილვა და სავარაუდო თარიღად 15 ოქტომბერი დაასახელა. დეპუტატებმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჯონსონს უარი უთხრეს, თუმცა კონსერვატორი ჯეიკობ რის-მორგასის თქმით, პარლამენტი აღნიშნულ საკითხს 9 სექტემბერს განიხილავს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ბრექსიტამდე ორი თვით ადრე ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს სთხოვა, რომ პარლამენტს მუშაობა ხუთი კვირით შეეჩერებინა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ ჯონსონს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე სურს და ამის გამო ბრექსიტის პროცესში დეპუტატების ჩართულობას კანონიერად, მაგრამ მაინც ზღუდავს.

სწორედ ამის გამო წარმომადგენლობითი პალატის წევრები დაჩქარებულად და თითქმის უწყვეტად განიხილავენ მკაცრი ბრექსიტის აკრძალვას. 3 სექტემბერს ჯონსონის ხელისუფლება წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის გარეშე დარჩა. დეპუტატებმა ხელისუფლებას წაართვეს შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლობითი პალატის დღის წესრიგი განსაზღვროს. ამას მხარი დაუჭირა ზოგიერთმა კონსერვატორმა, რის გამოც ისინი ფრაქციიდან გარიცხეს.