ამერიკელმა მაკრეი გეიმმა 20 წლის წინ ჰომოფობიური ორგანიზაცია დააარსა, რომელიც, შტატების მასშტაბით, კონვერსიული თერაპიული პროგრამებით ერთ-ერთი უდიდესი იყო. თუმცა, ცოტა ხნის წინ ის თავად დაქამინგაუთდა და განაცხადა, რომ გეია.

1999 წლიდან, გეიმი ქადაგებდა, რომ ჰომოსექსუალი ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ და სექსუალური ორიენტაციისგან "განკურნება" კონსულტაციებით და [აწ უკვე 18 შტატში აკრძალული] თერაპიებით შეიძლებოდა.

2013 წლის რებრენდინგის შემდეგ, ორგანიზაციის სახელი "მთლიანობის იმედი" გახდა. 2017 წელს გეიმი საკუთარი ორგანიზაციიდან გარიცხეს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან, რომ საჯაროდ დაქამინგაუთებულიყო.

"დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჯებოდი და უარვყოფდი [რომ კაცები მიზიდავდნენ], იმის ნაცვლად, რომ ჩემი თავი მიმეღო და მეთქვა, რომ გეი ვარ. ეს ტანჯვა 26 წელი გაგრძელდა და ახლა ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ, როგორსაც არასდროს", — თქვა მან ცოტა ხნის წინ
Post and Courier-თან ინტერვიუში.

გეიმს ახალგაზრდობაში თავადაც გავლილი აქვს კონვერსიული თერაპია, რის შემდეგაც, "გრძნობების ჩასახშობად", მან ქალზე იქორწინა.

"როცა ეს ორგანიზაცია დავაფუძნე, მჯეროდა, რომ გეი საზოგადოება და სამყარო ჰომოსექსუალიზმის შესახებ იტყუებოდა და მთელი საკითხი ერთი დიდი სიყალბე იყო. ვცდილობდი სიმართლე გამევრცელებინა.

ახლა ყველაფერი პირიქითაა. მჯერა, რომ ტყუილი სწორედ ისაა, რასაც მე ვაკეთებდი. კონვერსიული თერაპია მხოლოდ ტყუილი კი არა, ზიანის მომტანიცაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გეუბნება, რომ "ცვლილება გჭირდება და აქაა კურიკულუმი, თუ როგორ უნდა ისწავლო ეს. და თუ ჯერ არ შეცვლილხარ, გააგრძელე და ეს მოხდება".

როცა თავის ისტორიას იხსენებს, გეიმი ამბობს, რომ ბავშვობაში ბიჭებისგან ის გარიყული იყო და ჰომოფობიურ ბულინგს იღებდა. მისი თქმით, კაცთან პირველი სექსი 18 წლის ასაკში ჰქონდა. თუმცა, რადგანაც ამ ყველაფერს ოჯახისგან მალულად აკეთებდა, შფოთვა და პანიკური შეტევები დაეწყო. ამის შემდეგ, მან დაქამინგაუთება დედასთან სცადა, რომელმაც ის კონსულტანტთან წაიყვანა და კონვერსიული თერაპიის კარები გაუღო. ამის შემდეგ მან იქორწინა და ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც არამხოლოდ სხვების, საკუთარი თავის "გარდაქმნაშიც" უნდა დახმარებოდა.

"ვცდებოდი, გთხოვთ მაპატიეთ", — ასე იწყება მაკრეი გეიმის ვრცელი ფეისბუქ პოსტი. თუმცა ის პირველი არაა — იუტელი მორმონი, რომელიც თავს გეების "გამომსწორებელ" თერაპევტს უწოდებდა, 2019 წლის დასაწყისში დაქამინგაუთდა.

Williams Institute-მა, რომელიც სექსუალურ და გენდერულ იდენტობაზეა ფოკუსირებული, 2018 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში 700 ათასამდე ლგბტ ადამიანს ჩაუტარდა კონვერსიული თერაპია. მათგან 16 ათასს იქამდე, სანამ სრულწლოვნები გახდებოდნენ.