თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ჯარის თემის პოპულარიზაცია ბაღებიდან უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლებისთვის უკვე შემუშავდა სახელმძღვანელო.

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი, ფუნდამენტი უნდა იყოს ჯარის სიძლიერეზე დაფუძნებული. ჯარის მიმართ პატივისცემა, პრესტიჟულობა, სიამაყის განცდა, ასე ვთქვათ, ყველა მოქალაქეს გვაქვს. რატომღაც, არ ეთმობა სათანადო ყურადღება ამ საკითხს. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში, ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში", — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, აღნიშნა, რომ მისი მთავარი საზრუნავი ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება იქნება.

3 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრად წარადგინეს. ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო არათუ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში, არამედ პრემიერიც. დღეს, გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ აქვს. პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი ოცნება სამხედრო მრეწველობის აღდგენაა. გარდა ამისა, მას სურს, რომ საქართველოში ბირთვული იარაღის გარდა, ყველა სახის იარაღის წარმოება დაიწყოს.