ბიბლიური თავისუფლების მღვდელმთავარ, ლევან ჯგერენაიას თქმით, ღარიბაშვილი გირჩის შესახებ განცხადებით კუნთებს ათამაშებს და რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

ჯგერენაიას თქმით, ბიბლიურმა თავისუფლებამ დაარსებიდან დღემდე, "მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიხსნა". მისივე განცხადებით, ბიბლიური თავისუფლების გაუქმება ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არაა.

"ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფლება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი "ბლატაობს" ახლა, მაგრამ ბიბლიური თავისუფლების გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი", — განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გირჩის საქმიანობა, ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას. მან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მასთან ერთად სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხს დაარეგულირებს.