პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების სია ქვეყნის მომავლისთვის დიდი უბედურებაა. მან კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს რიტორიკული კითხვით მიმართა, იყო თუ არა "ადეიშვილის მოსამართლეები" უვადოდ არჩევა მისი შვიდწლიანი მინისტრობის შედეგი.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მაქსიმალური ფასი გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილმა. მას უნდა ეტკინოს ყველაზე მეტად ეს პროცესი. ამ ადამიანების სასამართლოში შესვლა იქნება ქვეყანაში ავტორიტარიზმის დაგვირგვინება და გაფორმება", — თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტისთვის გაგზავნილი უზენაესი მოსამართლეთა კანდიდატები არიან მოძალადე და კორუმპირებულები, ისინი არ არიან მოწოდებული სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის. მისი თქმით, ეს სია ბიძინა ივანიშვილის სახეა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია გუშინ, 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში 5 ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში დაპირისპირების საგანი გახდა, სწორედ ამ მიზეზით დატოვა ქართული ოცნება ლევან გოგიჩაიშვილმა.