რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს. ამის შესახებ მან On.ge-ს უთხრა.

ქაშიაშვილის განცხადებით, შემოთავაზება მთავარი არხიდანაც ჰქონდა, თუმცა, არჩევანი ფორმულაზე შეაჩერა.

"საინტერესო იყო ორივე შემოთავაზება... მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა და ჩვენმა ერთობამ საინტერესო, ახალი და თანამედროვე ჟურნალისტიკა დაამკვიდრა ქართულ რეალობაში", — ამბობს ის.

მისივე თქმით, როდესაც რუსთავი 2-დან კურიერის გუნდი წამოვიდა, ლოგიკური იყო რომ გუნდი დაიშლებოდა, რადგან ბაზარზე ორი ახალი ტელევიზია გაჩნდა. ქაშიაშვილი ამბობს, რომ მისი მეგობრების ნაწილი მთავარ არხზე წავიდა, ნაწილი — ფორმულაზე, ნაწილი კი რუსთავი 2-ში დარჩა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.