BBC-ის ცნობით, ჰონგ-კონგის ლიდერმა განაცხადა, რომ ის სადავო საექსტრადაციო კანონპროექტს, რომელმაც ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია, უკან გაიწვევს. ახალი კანონის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. მისი მონაწილეები სისტემას უსამართლოსა და დაუნდობელს უწოდებენ.

ბოლო რამდენიმე კვირაა ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სამართალდამცავები აქციის დასაშლელად ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ.

ანტისამთავრობო აქციის ფონზე კანონპროექტის განხილვა ივნისში შეაჩერეს. პროექტის სრულად გაწვევა ერთ-ერთი იყო იმ ხუთი მოთხოვნიდან, რაც აქციის მონაწილეებმა მთავრობას წამოუყენეს. გარდა ამისა მათი მოთხოვნაა სრული დემოკრატიული წყობილება.

აგვისტოში ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმდა, რადგან ტერიტორია ანტისამთავრობო აქციის ათასობით მონაწილემ დაიკავა. აქციის მონაწილეებს სურდათ პოლიციის ძალადობაზე მსოფლიოსთვის მოეყოლათ.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს. მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს — ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.