ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აშშ-ს ელჩობის კანდიდატს მიესალმება და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანი გამოცდილი დიპლომატია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ელჩს ახალი ადმინისტრაცია ნიშნავს.

"ეს იმის ნიშანიც არის, რომ აშშ ხვდება ქვეყანაში ვითარება იძაბება, პოლიტიკური პოლარიზაცია შედის უფრო ღრმა ფაზაში და აშშ-სთვის მნიშვნელოვანია იყოს სრულად დაკომპლექტებული მათი დიპლომატიური მისია. მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა, ის არის გამოცდილი კარიერული დიპლომატი და აქვს იმ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია საქმიანობაში", — აღნიშნა სამადაშვილმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დიპლომატი კელი დეგნანი წარადგინა.

კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგენლობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.

აშშ-ს ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს. ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.