მოსამართლე ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის კომენტარს ავრცელებს.

თევზაძე ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეა და იყო იუსტიციის საბჭოს წევრიც. ის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე კონკურსის მიმდინარეობისას საუბრობდა და ამბობდა, რომ ირაკლი შენგელიას მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობა სწორედ ამ მიზეზით არ უნდა მიეღო.

"ირაკლი შენგელიას ცოლისძმამ, მოსამართლე ლევან თევზაძემ კანდიდატურა მოხსნა. არაერთხელ მოვუწოდე ამ ბატონებს, რომ ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი და აცილება იყო საჭირო, რაც მაშინ არ გაითვალისწინეს. თუმცა, ბოლოს თევზაძემ საერთოდ მოხსნა კანდიდატურა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია, მაგრამ ძალიან კარგია!" — დაწერა ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუქზე.

თავად თევზაძე მიიჩნევს, რომ ის კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებდა, თუმცა კანდიდატურა მაინც მოხსნა.

"მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს", — აღნიშნა მან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად ორ კენჭისყრას ხვალ, 4 სექტემბერს ჩაატარებს. კანონის მოხედვით, საბჭო 48-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს, ამის შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კანონის თანახმადვე, საბჭოში კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც, სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს თუ არა მისი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.