რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გუგლმა ანდროიდის ახალი ვერსია — Android 10 გამოუშვა.

ჯერჯერობით ანდროიდის ახალი ვერსია, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ Pixel-ის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა გუგლის თქმით, ისინი სხვა მწარმოებლებთან ინტენსიურად მუშაობენ იმისთვის, რომ Android 10 სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ სმარტფონებზე ხელმისაწვდომი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს.

წარმოგიდგენთ ანდროიდ 10-ის 10 ახალ მთავარ ფუნქციას.

1. ტიტრები პირდაპირ რეჟიმში

ღილაკის ერთი დაჭერით ნებისმიერ ვიდეოზე, პოდკასტზე ან ხმოვან შეტყობინებაზე ტიტრების დადებას შეძლებთ. ამისთვის არც Wi-Fi დაგჭირდებათ და არც მობილური ინტერნეტი. ეს ფუნქცია პირდაპირ ანდროიდის სისტემაშია ჩაშენებული.

2. ჭკვიანი მოპასუხე

Android 10 მიღებულ შეტყობინებებზე ავტომატური პასუხების გარდა რეკომენდებულ ქმედებებსაც შემოგთავაზებთ. მაგალითად, თუ მეგობარი ვახშამზე დაგპატიჟებთ, ტელეფონი პასუხად Google Maps ჩართავს და მისასვლელ გზას გასწავლით.

3. ხმის გამაძლიერებელი

ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით ტელეფონით შეძლებთ, რომ სხვების საუბარი გამოკვეთოთ, შეამციროთ ფონური ხმაური და დაარეგულიროთ სიხშირეები. ამის წყალობით თქვენი ტელეფონი ერთგვარ სასმენ აპარატად იქცევა, რომლის გამოყენებაც მიკროფონიანი ყურსასმენებით შეგეძლებათ.

4. დახვეწილი ჟესტური ნავიგაცია

ჟესტები ახლა იმაზე უფრო სწრაფი, ინტუიტიური და კომფორტულია, ვიდრე ოდესმე. უკან დაბრუნებისთვის საკმარისია, რომ თითი მარცხნიდან მარჯვნივ გაუსვათ საწყის ეკრანზე გადასასვლელად კი — ქვემოდან ზემოთ.

5. ბნელი რეჟიმი

Android 10-ში ახალი, სრულყოფილი ბნელი რეჟიმია ხელმისაწვდომი, რომელიც თქვენს ელემენტს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ბნელი რეჟიმი ისეთ აპლიკაციებზეც ვრცელდება, როგორიც კალენდარი და ფოტოებია.

6. პირადი მონაცემების კონტროლი

Android 10-ში პირად ინფორმაციაზე სრული კონტროლი გექნებათ — გამარტივებულია პარამეტრები, რომლითაც შეძლებთ ცალსახად და თქვენი სურვილისამებრ დაარეგულიროთ, თუ როგორ იქნება გამოყენებული თქვენი პირადი ინფორმაცია. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა პარამეტრი ახლა ერთ პანელშია გაერთიანებული.

7. ადგილმდებარეობის გაზიარება

ახალი პარამეტრებით ასევე მარტივად შეგეძლებათ იმის დარეგულირება, თუ როდის გსურთ, რომ აპლიკაციებს თქვენი ადგილმდებარეობა გაუზიაროთ — ყოველთვის, ხანდახან თუ არასდროს.

8. უსაფრთხოების განახლებები

ანდროიდის მოწყობილობები უსაფრთხოების განახლებებს რეგულარულად აქამდეც იღებდნენ. თუმცა Android 10-ში განახლებები კიდევ უფრო გახშირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ახლა გუგლი განახლებების მოსაწოდებლად Play Store-ს გამოიყენებს. ისევე როგორც, ეს ნებისმიერი სხვა აპლიკაციის შემთხვევაში ხდება.

9. ყურადღების რეჟიმი

თუ ერთი კონკრეტული საქმის კეთებისას გონება ხშირად გეფანტება, ეს ფუნქცია, შესაძლოა, შენთვის იყოს. ყურადღების რეჟიმის საშუალებით შეგეძლება, რომ რომელიმე აპლიკაცია "დააპაუზო". ამის შემდეგ მათგან შეტყობინებებსა დროებით აღარ მიიღებ.

10. კავშირი ბავშვებთან

Android 10-ის Family Link-ის საშუალებით ბავშვებისთვის გარკვეული ციფრული აკრძალვების დაწესება შეგეძლებათ. თქვენ გააკონტროლებთ, თუ რა დროის განმავლობაში იყენებენ ისინი სმარტფონს, ასევე ნახავთ მათ ლოკაციას და მათ მიერ გამოყენებულ აპლიკაციებს.